კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს

Commersant
54
უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს

2018 წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (22.7%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 30 264 ერთეული შეადგინა.

უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. მეორე კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35.8% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისს გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები გაზრდილია 14.0%-ით. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, მეორე კვარტალი, თბილისის გარდა, განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა (წლიური ზრდის ტემპი 120.0%) და მცხეთა-მთიანეთისთვის (57.6%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს. მეორე კვარტალში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გაყიდვა საბურთალოზე (3,527 ერთეული) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვაკე (2,279 ერთეული) და გლდანი (1,407 ერთეული) ინაწილებენ.

მეორე კვარტალში თბილისს 167 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 336 ათას კვ.მ. შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-15.2%), თუმცა მათი ჯამური ფართობი გაზრდილია (31.3%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში.

2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (0.1%), ისე გაქირავების ფასის (5.6%) ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 აშშ დოლარსა და 881 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, გაქირავების საშუალო კი 6.2 და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.

მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (1,124 აშშ დოლარი), ისე გაქირავების (7.70 აშშ დოლარი) საშუალო ფასის მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (547 აშშ დოლარი), გაქირავების კი – გლდანში (4.62 აშშ დოლარი).

2018 წლის მეორე კვარტალშიც კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების ფასის ინდექსი ინარჩუნებს ზრდად ტენდენციას, წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა. გაქირავების ფასის ინდექსიც გაზრდილია 24.7%-ით წინა კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1,050 და 1 224 აშშ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი – 9.03 და 10.11 აშშ დოლარს შორის.

2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდაა გაზრდილი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც ბათუმში (0.01%), ისე ქუთაისში (0.1%). აღნიშნული ტრანზაქციების ზრდის ფონზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასის ინდექსი ამ ორი ქალაქისთვის განსხვავებულ ცვლილებებს გვიჩვენებს – წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსი ბათუმში ინდექსი უმნიშვნელოდ გაზრდილია (1.2%), ქუთაისში კი – შემცირებულია (-3.7%). აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ბათუმში 795 აშშ დოლარს შეადგენს (1 კვ.მ.), ხოლო ქუთაისში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 351 აშშ დოლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, აღნიშნული თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM Lab) ფარგლებში ჩატარებული კვლევაა, რომლის არეალი მოიცავს როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრებს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

კატეგორიები