კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

,,მაგთიკომი" და ,,სილქნეტი" ბაზრის 76%–ს აკონტროლებენ - შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა ისევ და ისევ მოქალაქეებს დააზარალებს

Commersant
12
,,მაგთიკომი

მობილური, ინტერნეტ და სატელევიზიო ბაზრის დაახლოებით, 76%–ს ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” აკონტროლებენ.

,,საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად…”, – ალბათ, ეს ფრაზა ,,სილქნეტის” რეკლამაში ყველას მოუსმენია, მაგრამ ცოტა თუ მიმხვდარა, რომ რეალურად კომპანია თავისივე სარეკლამო ბმულში იტყუება. აღნიშნული გარიგება სატელეკომუნიკაციო ბაზარზეა ყველაზე მსხვილი, თორემ საქართველოს ისტორიაში გაცილებით მსხვილი ბიზნესგარიგეგებიც არაერთი ყოფილა. შორს, რომ არ წავიდეთ მაგალითად ,,თიბისი ბანკის” მიერ ,,რესპუბლიკა ბანკის” შეძენაც კი კმარა, მაშინ ,,თიბისი ბანკმა” ,,ბანკ რესპუბლიკას” აქციები 315 მილიონ ლარად შეიძინა. აი სატელეკომუნიკაციო ბაზარს რაც შეეხება, იქ ნამდვილად ყველაზე მსხვილი გარიგების მომსწრენი გავხდით, თუმცა ესეც რა გასაკვირია, ბაზარზე ხომ სულ 5 მსხვილი კომპანია იყო და მათგან უკვე მხოლოდ 3 დარჩა. ეს ფაქტი კი სასიხარულოზე მეტად სამწუხაროა და იმ წარსულში დაბრუნებას ჰგავს, როდესაც ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი ორი კომპანია ბაზარზე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას, ტარიფებსაც შეთანხმებულად აწესებდა და არასდროს ამცირებდა მას. თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანამიმდევრულად…

არსებული რეალობა ციფრებში

მას შემდეგ რაც ,,მაგთიკომმა” ,,კავკასუს ონლაინი’, ხოლო ,,სილქნეტმა” ,,ჯეოსელი” შეიძინა, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია ფაქტობრივად მოკვდა და ყველა ძირითად სექტორში მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” დარჩა. ერთადერთი მობილური ოპერატორების ბაზარზე, დღემდე ახერხებს ,,ბილაინი” არსებობას, თუმცა რეალური კონკურენციის გაწევაზე ამ შემთხვევაში რთულია საუბარი.

მობილური ოპერატორები – 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით მობილური ოპერატორების ბაზარზე 4,952,493 აბონენტია რეგისტრირებული, საიდანაც ,,მაგთიკომს” 1,995,949 (40.3%) აბონენტი ჰყავს, ,,ჯეოსელს” და ,,სილქნეტს” ერთად 1,825,621 (36.8%) აბონენტი, ხოლო ,,ბილაინს” 1,129,317 (22.8%) აბონენტი, მხოლოდ 0.1%–ია კომპანია ,,ჯიმობაილის” წილი. როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, ,,ბილაინი” საკმაოდ ჩამორჩება ბაზრის ორ მთავარ მოთამაშეს და თუ ბოლო თვეების რაოდენობას გადავხედავთ, მისი აბონენტების რაოდენობაც მუდმივად მცირდება.

ინტერნეტბაზარი – ინტერნეტბაზარზე ჯამში 795 000 აბონენტია და აქაც სრულად ლიდერობენ ,,მაგთიკომი” 346,218 (43.5%) აბონენტით და ,,სილქნეტი” 276,721 (34.8%) აბონენტით, ანუ ჯამში ამ ორი კომპანიის აბონენტების რაოდენობა 78.3%–ს შეადგენს და მხოლოდ 21.7%–ია დანარჩენი 400 მცირე ოპერატორის წილი ბაზარზე.

სატელევიზიო მომსახურება – რაც შეეხება სატელევიზიო მომსახურებას, აქ რეგისტრირებულია 608,190 აბონენტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც რეალურად ორი კომპანიაა ლიდერი, რა თქმა უნდა, ,,მაგთიკომი” 291,984 (48%) აბონენტით და ,,სილქნეტი” 213,661 (35%) აბონენტით, ანუ ჯამში ბაზრის 83% აქვთ დაპყრობილი, ხოლო დარჩენილ 135 კომპანიას ბაზრის მხოლოდ 27% აქვთ ათვისებული.

დაბრუნება წარსულში

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი რეალობა წარსულში დაბრუნებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბაზრის განვითარებას. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი” და ,,ჯეოსელი” მუდმივად მაღალი ფასებით ოპერირებდა. შემდეგ ბაზარზე რამდენიმე ახალი კომპანია ,,ბილაინი”, ,,სილქნეტი”, ,,კავკასუს ონლაინი” გამოჩნდნენ და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის ნიშნებიც გაჩნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასების შემცირების ტენდენციაც დაიწყო, განსაკუთრებით მობილური ოპერატორების ბაზარზე, თუმცა ბოლო წლებში, ჯერ ,,მაგთიკომისა” და ,,კავკასუს ონლაინის” გაერთიანების, შემდეგ კი ,,სილქნეტისა” და ,,ჯეოსელის” შედეგად ბაზარზე ფაქტობრივად ორი კომპანია დარჩა, რამაც ოლიგოპოლიური მდგომარეობა შექმნა.

მხოლოდ გაერთიანება და ოლიგოპოლიური მდგომარეობა, ბუნებრივია, საგანგაშო არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ქართულ ბაზარს და ,,მაგთიკომისა” და ,,სილქნეტის” საქმიანობის პრაქტიკას წლების განმავლობაში, რეალობა ნამდვილად არასახარბიელოა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ და მსოფლიოში ფასების მუდმივი კლების მიუხედავად საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზრის არცერთ სეგმენტში ფასების კლებას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მობილური ოპერატორების ბაზარზე (თუ არ გავითვალისწინებთ სხვადახვა თემატურ პაკეტებს, რაზეც ხშირად ამახვილებენ კომპანიები ყურადღებას) ფასები გაიზარდა კიდეც და ერთი წუთის ღირებულება კომპანიებისთვის დაწესებულ ზედა ზღვარს – 24 თეთრს გაუთანაბრდა. რაც შეეხება ინტერნეტბაზარს, უამრავ პრობლემასთან ერთად ამ სექტორშიც ფასები ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია და მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა ბაზარზე ინტერნეტის ხარისხი და ფასები ერთმანეთს არ შეესაბამებაო, არანაირი შედეგი ამ განცხადებას არ მოჰყოლია.

მართალია ,,სილქნეტმა” ,,ჯეოსელის” შეძენის შემდეგ დააანონსა, რომ გაერთიანებულ მომსახურებებს გაცილებით იაფად და უკეთესი პირობებით შესთავაზებდა მომხმარებელს, მაგრამ დაახლოებით იგივე ტიპის განცხადება იყო წლების წინ გაკეთებული ,,მაგთიკომის” მიერ, როდესაც ,,კავკასუსი” შეიძინა, თუმცა მას შემდეგ ფასებიც იგივე დარჩა და ხარისხი კი საკმაოდ გაუარესდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული იგივე სტილში გააგრძელოს საქმიანობა ,,სილქნეტმაც” და საბოლოო ჯამში ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა ისევ და ისევ მოქალაქეებს დააზარალებს, ხოლო კომპანიების მადას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

არსებულ სიტუაციაში გამოსავალი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სწორი და ეფექტური მუშაობაა, მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვას ორი კომპანიის გარიგება და მუდმივად აკონტროლოს ბაზარზე არსებული სიტუაცია. თუმცა, ამ მიმართულებითაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, ვინაიდან მარეგულირებელი, ფაქტობრივად, არ ერევა კომპანიების საქმიანობაში და საკმაოდ იშვიათად თუ აძლევს შენიშვნებს თუ მითითებებს კომპანიებს. შესაბამისად, დაველოდოთ რას გვიჩვენებს ახალი რეალობა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა.

BFM.GE