კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

„არის რესურსი, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირონ“ - ვის "თამაშის წესებს" ეწირება მომხმარებლის ინტერესი?

Business Post
130
„არის რესურსი, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირონ“ - ვის

ბოლო კვირებში საწვავი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიაფდა, რასაც საერთაშორისო ბაზარზე შექმნილმა სიტუაციამ შეუწყო ხელი. გუშინ, 2018 წლის 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა. კერძოდ, ლონდონში 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 61,56 დოლარი გახდა, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი – 52,89 დოლარს გაუტოლდა. ეს მაშინ, როცა სექტემბრის თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე პერმანენტულად იზრდებოდა და 82,67 დოლარამდეც კი ავიდა. ამის გამო, სექტემბრის თვეში საწვავის ფასი ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 5-8 თეთრით გაიზარდა. ბოლო ხანებში მიმდინარე დადებითი ტენდენცია ქართულ ბაზარზე თითქმის არ ასახულა. მართალია, რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საწვავი 3-5 თეთრით გაიაფდა, მაგრამ საქართველოში ბენზინი და დიზელი ისევ ძველებური ფასით იყიდება. „ბიზნესპოსტმა“ საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასება „მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელ, ანალიტიკოს ბექა კემულარიას სთხოვა:

-მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციამ, რომლითაც ფრანგებმა თავიანთ ქვეყანაში საწვავის გაძვირება გააპროტესტეს. ამ აქციებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რა გავლენა აქვს საწვავის ფასს თანამედროვე მსოფლიოში…

-ცხადია, რადგან ამ პროდუქტის ფასი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე აისახება. საწვავის გაძვირება არ ნიშნავს მხოლოდ ამ ერთი პროდუქტის გაძვირებას, რადგან საწვავი საზოგადოების ყველა ფენას სჭირდება და მისი ფასი ყველა სახის პროდუქციაზე აისახება. ყველაზე მეტად კი, საწვავის გაძვირებით ბიზნესი ზარალდება – თუ არ ჩავთვლით ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და რეალიზატორებს. ბოლო ხანებში საწვავის ფასი მსოფლიო ბირჟებზე ძალიან დაეცა, საქართველოშიც არის რესურსი, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირონ, მაგრამ ამ შანსს არ იყენებენ.

-ცხადია, როცა საწვავის მსოფლიო ფასი იზრდება, მას ჩვენთანაც აძვირებენ, მაგრამ რატომ არ იაფდება საწვავი ქართულ ბაზარზე მაშინ, როცა მისი ფასი მსოფლიო ბირჟებზე ეცემა?

-როგორც წესი, ბაზარი ფასებს თავად უნდა არეგულირებდეს – ასე ხდება თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, მაგრამ მოგეხსენებათ, სარეველა რომ გავრცელდება, მისი ამოძირკვა მარტივი არ არის. ჩვენს შემთხვევაში ბაზარს მსხვილი კომპანიები აკონტროლებენ და ფასებსაც ისინი განსაზღვრავენ. „სოკარი“, „ვისოლი“, „ლუკოილოი“, „გალფი“ და „რომპეტროლი“ – ამ 5 გიგანტის სახელები ყველამ ვიცით. ისინი წლების განმავლობაში შეთანხმებულად მუშაობდნენ ქართულ ბაზარზე და დღესაც განაგრძობენ საქმიანობას. ამ წლების განმავლობაში მათ შორის შუღლი და უთანხმოება არ ყოფილა, ისინი ყოველთვის ადგენდნენ თამაშის წესებს ამ ბაზარზე. ასეთ დროს სახელმწიფოც ვერ ჩაერევა, რადგან მისი ჩარევა შეიძლება მტკივნეულად აღიქვას არა მარტო ადგილობრივმა ბიზნესმა, არამედ – უცხოელმა პარტნიორებმა და ინვესტორებმა, ეს კი – უარყოფით გავლენა მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

-როგორ შეიძლება შეფასდეს საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაცია?

-მე და ჩემი თანამოაზრეები ჯერ კიდევ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვამბობდით, რომ საწვავის ბაზარი საქართველოში შეზღუდული იყო, რომ მას სახელმწიფო ლობირებდა, ოპონენტები კი ამტკიცებდნენ – აქ არის ეს ბაზარი და ყველას შეუძლია შემოვიდესო… მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დადასტურდა, რომ სიმართლეს ვამბობდით: ამ ბაზარზე ათეულობით ახალი მოთამაშე შემოვიდა, თუ ადრე 5 კომპანია იყო იმპორტიორიც და რეალიზატორიც, ახლა უკვე 50-ზე მეტი იმპორტიორი და ასამდე რეალიზატორი კომპანია ოპერირებს. დღეს, თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, ყველაფერს მართლაც ბაზარი უნდა აწესრიგებდეს, მაგრამ ასე არ ხდება. საწვავის ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიცია ისევ მსხვილ კომპანიებს აქვთ და თამაშის წესებსაც კვლავ ისინი ადგენენ. სწორედ ამიტომ, ახლა, როცა ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟაზე ლამის 50 დოლარამდეა ჩამოსული, ისინი საცალო ფასებს მაინც არ ამცირებენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ამ ბაზარზე ფასებს მსხვილი მოთამაშეები არეგულირებენ.

-თუმცა, ქართველ მომხმარებელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული …

-რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივ პოზიციასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამერიკაში და დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში ამ კომპანიებისგან საწვავს არავინ შეიძენდა და ისინი უკვე გაკოტრებული იქნებოდნენ. ჩვენთანაც, მომხმარებელი უნდა მიხვდეს, რომ ატყუებენ და როცა ვინმე გატყუებს, მასთან კონტაქტი უნდა გაწყვიტო. მომხმარებელმა საწვავი იქ უნდა შეიძინოს, სადაც იაფი ღირს, ეს კომპანიებს შორის კონკურენციას გაზრდის და ამ სფეროში თავისუფალი ბაზრის პრინციპები სრულყოფილად ამოქმედდება, მაგრამ ასე არ ხდება თუნდაც იმიტომ, რომ მსხვილი კომპანიების ავტოგასამართი სადგურები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, ისინი მატერიალურად ძლიერები არიან და მცირე კომპანიებს უჭირთ მათთვის კონკურენციის გაწევა. გასაგებია, რომ ეს ბიზნესია, ბიზნესი კი, ყოველთვის მოგებაზე მუშაობს, მაგრამ ეს პროცესი ურთიერთშეთანხმების და მეგობრობის გზით არ უნდა იმართებოდეს. ყველაფერი თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უნდა ემორჩილებოდეს ისევე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. ფასნამატი 10-15 თეთრის ფარგლებში უნდა იყოს და არა – 70-80 თეთრისა, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო.

-როგორი ფასნამატი აქვთ საქართველოში მოქმედ კომპანიებს?

-სპეციალისტების აზრით, წვრილ კომპანიებში ფასნამატი 10 თეთრის ფარგლებში მერყეობს და მათ შორის ჯანსაღი კონკურენციაა, ხოლო მსხვილი კომპანიების ფასნამატი საშუალოდ, 40-45 თეთრია. საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე შემცირდა, მაგრამ საქართველოში ეს მხოლოდ წვრილი კომპანიების ქსელში იგრძნობა. სამწუხაროდ, ამ კომპანიებს ბენზინგასამართი სადგურები ძალზე მცირე რაოდენობით აქვთ და გამოდის, რომ საბოლოოდ მაინც მსხვილი მოთამაშეების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.

-დაახლოებით სამი წლის წინ ქართული ბაზარი შეისწავლა კონკურენციის სააგენტომაც: 2015 წლის ივლისში ამ უწყებამ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიები კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდნენ და შეთანხმებული ფასებით მოქმედებდნენ, თუმცა ამის დამტკიცება დღემდე ვერ შეძლო, რატომ?

-დიახ, ეს გახმაურებული საქმე იყო. კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს 55 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, მაგრამ ნავთობკომპანიებმა სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ეს არც არის გასაკვირი: როდესაც ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალაზეა საუბარი, ისინი პოზიციებს ასე იოლად არ დათმობენ. სასამართლოები დღემდე მიმდინარეობს და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.