კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

ანა დოლიძე: საწვავში ტყვიის აღმოჩენაზე დაკისრებული 8000-ლარიანი ჯარიმა შეურაცხყოფაა - დროა მოვითხოვოთ ეკოლოგიური სამართლიანობა

Commersant
123
ანა დოლიძე: საწვავში ტყვიის აღმოჩენაზე დაკისრებული 8000-ლარიანი ჯარიმა შეურაცხყოფაა - დროა მოვითხოვოთ ეკოლოგიური სამართლიანობა

აი ეს ამბავი ხუმრობა გეგონება, სატირალი რომ არ იყოს. საწვავში ტყვიის შემცველობისათვის კომპანია ჯარიმდება 8000 ლარით. რა არის კომპანიისათვის, რომელიც დღეში მილიონობით მოგებას ნახულობს, 8 ათასი ლარი ჯარიმა იმისათვის, რომ ის გვწამლავს და ფაქტობრივად სასიკვდილოდ წირავს ჩვენ ბავშვებს?! ეს ჯარიმები სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს და არ იყოს ისეთი, რომ სასაცილოდაც არ ეყოს ამ საწვავის შემომტან/გამყიდველებს. ჯარიმა არსებობს იმისთვის რომ მას ჰქონდეს შესაბამისი პრევენციულ/დამსჯელობითი ეფექტი. დღევანდელ პირობებში ამ ჯარიმის ოდენობა უბრალოდ პიარ აქციაა და არა სიმსივნის/ჰაერის პრობლემებზე რეალური ზრუნვა, — წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ეკოლოგიური უსამართლობის თემაზე ანა დოლიძე უფრო ვრცლად კომერსანტთან საუბრობს:

„მე მინდა ეკოლოგიური სამართლიანობა მოვითხოვოთ. ჩვენ გვჭირდება გარემო, სადაც დავტკბებით ცხოვრებით და არა ისეთი გარემო, რომელშიც ახლა ვართ. რეალურად ყოველდღე სიკვდილის წინაშე ვდგავართ. ახლა ის ნორმა ამოქმედდება, რომელიც 2016 წელს იყო მიღებული, აქამდე საერთოდ არ არსებობდა შემოწმების საშუალება, და ამის შემდეგ რომელიმე ხელისუფლებას შეუძლია ხმა ამოიღოს?“

ანა დოლიძის აზრით, საწვავში აღმოჩენილ ტყვიაზე 8000- ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოსახლების შეურაცხყოფაა:

„ის, რომ ვიღაცეები შემოწმდებიან ეს ძალიან კარგია მაგრამ, 8 ათასი ლარი იმ უზარმაზარ მოგებასთან შედარებით, რაც ამ კომპანიებს აქვთ, არის საზოგადოების დაცინვა. ეს უნდა გაიზარდოს და უნდა იყოს 100 000 ლარი და ხელმეორედ ამის ჩადენა უნდა იწვევდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ბიზნესს შემოაქვს ისეთი ბენზინი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანებში სიმსივნის ზრდასთან. სტატისტიკა ამ მხრივ შემაშფოთებელია, ყველაზე მეტად კი მადარდებს ბავშვებში სიმსივნეებს სტატისტიკა“, — ამბობს სამართლის საერთაშორისო ექსპერტი.

ანა დოლიძე განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარება სანქციებზე და სანქციების აღსრულებაზეა დამოკიდებულია. მისი თქმით, სახელმწიფო პროცესებში არ ერთვება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ყურადღებას ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეებზე“ ამახვილებს და განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ამდენი წლის მანძილზე არაფერს აკეთებს:

„სახელმწიფოს უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს ეკოლოგია არის ბუჩქები და ნარგავი, სინამდვილეში სასწორზე ჩვენი ჯანმრთელობა დევს. სამწუხაროდ, ამ ჯანმრთელობის დაზიანება ყველა ნაბიჯზე ხდება: ტყვიის შემცველობა ჰაერში სამშენებლო მასალებიდანაც ხდება, რაზეც არ არის მკაცრი კონტროლი. არ არის კონტროლი საღებავებზე, რომელიც ასევე უკონტროლოდ შემოდის. აღურიცხავი საწარმოები, სად ვყრით აკუმულატორებს, რომელიც ნიადაგში ხვდება და შემდეგ საკვებში გადადის. სახელმწიფოს ეს საკითხი მიშვებული აქვს. ქართულ ოცნებას პარლამენტში ჰყავს მწვანეთა ფრაქცია, რომელიც სასირცხვილო ფრაქციაა იმ გაგებით, რომ ის არ არის ამ თემაზე არც ერთი კანონპროექტის და არცერთი მნისვნელოვანი კამპანიის ავტორი. ეს არის მწვანეთა მოძრაობის შემარცხვენელი“, — აცხადებს ანა დოლიძე.

ქვეყანაში ეკოლოგიური სამართლიანობისთვის ბრძოლის დაწყებაში ანა დოლიძეს საზოგადოების მობილიზების იმედი აქვს. მისი თქმით, მოსახლეობის გააქტიურების შემდეგ პოლიტიკური ინტერესი გაჩნდება, რაც ეკოლოგიურ სამართლიანობას აღადგენს:

„ქალაქში სპონტანური აქციები იმართება ჰაერის დაბინძურებაზე, ტრანსპორტის განახლებაზე და ა.შ.. ვფიქრობ, მოსახლეობა მომწიფებულია იმისთვის, რომ ეკოლოგიური სამართლიანობა მოითხოვოს. დღეს თბილისი სიკვდილით სავსე ქალაქია, ჩვენთან უსაფრთხოება დაცული არ არის, დაწყებული ტრანსპორტით, გაგრძელებული მშენებლობით და დასრულებული ეკოლოგიით. დღე არ გავა, რომ ჩვენს წრეში ადამიანი არ აღმოჩნდეს სიმსივნით დაავადებული. ეს რეალურად იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას საერთოდ არ ადარდებს რა მოუვათ ხალხს. ისინი ფიქრობენ მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე და რომელი ეკონომიკური ჯგუფი უფრო გავლენიან, რათა მისი ინტერესები გაითვალისწინონ“.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ამ საკითხში ბიზნესის როლზეც ამახვილებს ყურადრებას და აცხადებს – საქართველოში ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობა დაბალ დონეზე აქვთ:

„ევროპულ სტანდარტებთან და სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ გაგებასთან ჩვენი ბიზნეს სექტორი ძალიან შორს არის. ძირითადად ერთჯერად ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ, საქართველოში ზოგადად არსებობს პრინციპი – ის, რაც ჩემს ეზოს გარეთ ხდება, ჩემი სადარდებელი არ არის. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს კერძო და საჯარო ინტერესის თანაფარდობა. ჩვენთან სახელმწიფო ამ მხრივ, ფაქტობრივად, გამქრალია, კონკურენციის სააგენტო არ არსებობს, გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან ცოტა რამეს აკეთებს და რეალურად საჯარო სივრცე ნელ-ნელა შეიჭამა“,- ასეთია ანა დოლიძის პოზიცია.

ბაჩო ადამია